სერვერული მომსახურების ხელშეკრულება
ერთის მხრივ, namespace.ge - შპს „World Wide Web Intelligence“ (შემდგომში – „კომპანია“), და მეორეს მხრივ, მომხმარებელი (შემდგომში – „მომხმარებელი“), დებენ ამ ხელშეკრულებას და თანხმდებიან შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით (მათ შორის, ელექტრონულ სივრცეში თანხმობის გამოხატვით), მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში „კომპანია" ვალდებულია 1.2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურება მიაწოდოს „მომხმარებელს" მისი მოთხოვნის შესაბამისად.
1.2 ხელშეკრულების 1.1 პუნქტში მითითებული მომსახურება მოიცავს შემდეგი ვებ-სერვისების მიწოდებას „მომხმარებლისთვის": გამოყოფილი სერვერები, ვირტუალური სერვერები, საზიარო ჰოსტინგი, ელექტრონული ფოსტა, ფაილების საცავი, სხვა მსგავსი მომსახურება.
2. ხელშეკრულების შინაარსი
2.1 მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ ჯეროვნად და დროულად.
2.2 ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია:
- გონივრულ ვადაში წინასწარ შეატყობინოს მეორე მხარეს აღნიშნულის შესახებ;
- საჭიროების შემთხვევაში, წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია მომსახურების შეჩერების ან შეწყვეტის მიზეზებთან დაკავშირებით.
3. მომსახურების ფასი
3.1 მხარეები თანხმდებიან, რომ „მომხმარებლის" მიერ გამოყენებული მომსახურების საფასური (იქნება ეს ერთჯერადი თუ მრავალჯერადი მომსახურება) დაიფარება დროულად „კომპანიის" მიერ წარდგენილი ინვოისის შესაბამისად.
3.3 მომსახურების საფასურის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, „კომპანია" უფლებამოსილია შეაჩეროს მომსახურების მიწოდება.
4. თანხის უკან დაბრუნება
4.1 „კომპანია" ვალდებულია დაუბრუნოს „მომხმარებელს" მომსახურების საფასური, თუ:
- ვერ უზრუნველყოფს შეთანხმებული მომსახურების მიწოდებას;
- მისი მიზეზით გამოწვეულ ხარვეზს ვერ აღმოფხვრის 24 საათის განმავლობაში.
4.2 მომსახურების საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას, თუ ხარვეზი გამოწვეულია: ინტერნეტპროვაიდერის მიერ ქსელის გათიშვით, ჰაკერული შეტევით ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებებით.
4.3 მომსახურების საფასურის დაბრუნების მოთხოვნისას, „მომხმარებელი" ვალდებულია წარმოადგინოს დეტალური დასაბუთება.
4.4 ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, „მომხმარებელი" ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს „კომპანიას" აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ.
5. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1 „კომპანია" პასუხისმგებელია მის საკუთრებაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის გამართულ მუშაობაზე, მონიტორინგზე, დროულ განახლებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
5.2 „მომხმარებელი" ვალდებულია:
- გონივრულად გამოიყენოს „კომპანიის" მიერ შეთავაზებული რესურსები;
- სწორად შეავსოს პირადი ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში დროულად განაახლოს იგი.
6. კონფიდენციალურობა
6.1 „კომპანია" იღებს ვალდებულებას, დაიცვას „მომხმარებლის" პირადი მონაცემებისა და მის სარგებლობაში არსებული რესურსების კონფიდენციალურობა და არ გაამჟღავნოს ეს ინფორმაცია მესამე პირებთან. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც ინფორმაციის გაცემის თაობაზე არსებობს საქართველოს ან სხვა ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მოთხოვნა.
6.2 „კომპანია" უფლებამოსილია გამოიყენოს „მომხმარებლის" პირადი ინფორმაცია მხოლოდ შიდა ანალიტიკური დამუშავებისა და გადაწყვეტილებების მიღების მიზნებისთვის, საკუთარი სერვისის გაუმჯობესების მიზნით, რაზეც „მომხმარებელი" აცხადებს თანხმობას.
7. სარეზერვო ასლები
7.1 „კომპანია" ვალდებულია განახორციელოს „მომხმარებლის" ფაილების, მონაცემთა ბაზებისა და ელექტრონული ფოსტის სარეზერვო ასლების შექმნა და უსაფრთხო შენახვა, წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობითა და მოცულობით. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია „მომხმარებლის" მიერ შერჩეული მომსახურების პაკეტით.
7.2 „კომპანია" ვალდებულია, „მომხმარებლის" მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოს სარეზერვო ასლების აღდგენა ან/და მათი გადაცემა მფლობელისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს 4.2 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებს.
7.3 „კომპანიას" არ ეკისრება ვალდებულება შეინახოს იმ ანგარიშების სარეზერვო ასლები, რომლებიც შეჩერებულია გადაუხდელობის ან სხვა მიზეზის გამო.
7.4 „მომხმარებელი" ვალდებულია რეგულარულად უზრუნველყოს საკუთარი მონაცემების სარეზერვო ასლების შექმნა და საჭიროების შემთხვევაში მათი აღდგენის შესაძლებლობა.
8. ფაილებისა და სხვა ინფორმაციის შენახვა
8.1 მერვე მუხლის დებულებები არ ვრცელდება „მომხმარებლის" სარეზერვო ასლებზე, რომელთა პირობებიც განსაზღვრულია მე-7 მუხლით.
8.2 მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, „კომპანია" ვალდებულია შეინახოს „მომხმარებლის" კუთვნილი ფაილები, მონაცემთა ბაზები და ელექტრონული ფოსტა არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, „კომპანია" უფლებამოსილია საკუთარი სისტემიდან სრულად წაშალოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია.
8.3 „მომხმარებლის" მონაცემების (ფაილების, ბაზებისა და ელექტრონული ფოსტის) შენახვის ვადა შესაძლებელია განისაზღვროს ინდივიდუალურად, დისკური სივრცის გამოყენების მოცულობის ან/და მომსახურების სახეობის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, „კომპანია" ვალდებულია მონაცემთა წაშლის პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა, წინასწარ აცნობოს „მომხმარებელს" მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
9. მომსახურების უწყვეტობა
9.1 „კომპანია" ვალდებულია უზრუნველყოს „მომხმარებლისთვის" მომსახურების მიწოდება მინიმუმ 99.9%-იანი უწყვეტობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების შეფერხება გამოწვეულია 4.2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებით.
9.2 იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შეწყვეტა გამოწვეულია „კომპანიის" მიზეზით, „კომპანია" ვალდებულია „მომხმარებელს" დაუბრუნოს შესაბამისი პერიოდის მომსახურების საფასური.
10. აკრძალული კონტენტი და SPAM-ის დაგზავნა
10.1 „მომხმარებელი" ვალდებულია დაიცვას როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქმედი კანონმდებლობა და მისთვის მიწოდებული მომსახურება გამოიყენოს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
10.2 კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, „კომპანია" იტოვებს უფლებას:
- წინასწარი შეტყობინების გარეშე შეაჩეროს მომსახურების მიწოდება დარღვევის აღმოფხვრამდე;
- „მომხმარებლის" მხრიდან შესაბამისი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, ცალმხრივად და შეტყობინების გარეშე წაშალოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი სისტემიდან.
11. დავების გადაწყვეტა
11.1 მხარეები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი სადავო საკითხი პირველ ეტაპზე განხილული იქნება ურთიერთმოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, მხარეებს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს და დავა გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. დასკვნითი დებულებები
12.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან (მათ შორის, ელექტრონულ სივრცეში თანხმობის გამოხატვის გზით) და მოქმედებს მხარეთა მიერ მის შეწყვეტამდე.
12.2 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ან მისი გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
12.3 მხარეები ვალდებულნი არიან წერილობითი ფორმით აცნობონ ერთმანეთს ხელშეკრულებაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
12.4 წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და მას გააჩნია სრული იურიდიული ძალა.